სიახლეები

12 ოქტომბერი, 2021

ღვინობისთვე აფხაზეთში


 

ღვინობისთვე –  ასე მოიხსენიებდნენ ქართველები ძველად ოქტომბრის თვეს. ამ სახელის ანატომიაში გამორკვევა რთული სულაც არ არის, რადგანაც იგი თავად სცემს პასუხს ამ კითხვას. ქართველისა და ვაზის მაღალკულტურული ურთიერთობის ხაზგასასმელად ერთი დიდებული მაგალითიც კი კმარა, სადაც ქართველი მეფე, დემეტრე პირველი, ღვთისმშობელს ასე მიმართავს: „შენ ხარ ვენახი“. ეს საგალობელი კიდევ ერთ საგანძურს ინახავს, რომელსაც ქართული მრავალხმიანობა ჰქვია. ვენახი და მრავალხმიანობა კი უერთმანეთოდ, წესისამებრ წარმოუდგენელია.

საქართველოში არაერთი ყურძნის ჯიშია, ბევრი მათგანი აბორიგენულია, ანუ მათი აღმოჩენის წერტილი სწორედ გეოგრაფიულ ლოკაციას ემთხვევა. ყოველი კუთხე თავისი ენდემური ჯიშებით გამოირჩევა, რომლებსაც შესაბამისი მიკრო ლანდშაფტი სჭირდებათ. ეს კი, კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის ქართულ ღვინოს. საქართველოში არსებული ყველა ყურძნის ჯიშის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგანაც აქ საქმე საამაყოდ არის, თუმცა დღეს კონკრეტულად აფხაზეთში გავრცელებულ რამდენიმე ყურძნის ჯიშზე გესაუბრებით, რომლებიც ამ ნუსხაში მოწინავე პოზიციებზე არიან.

დავიწყოთ წითელი ფერის საღვინე ყურძნის ჯიშებით, სადაც კაჭიჭს, აჟემჩიღსა და ათვიჟს შევეხებით. სამივე ჩამოთვლილი ჯიში არის გამორჩეული, რადგანაც ისინი ხასიათდება განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით და იძლევა მაღალ ხარისხობრივ ღვინოს და განსაკუთრებულად ავლენენ თავიანთ სახასიათო შტრიხებს იმ შემთხვევაში თუ გავრცელების ბუნებრივ არეალში იმყოფებიან. როგორც ცნობილია, ჩამოთვლილი ყურძნის ჯიშები საფერავის ტიპის ღვინოს გვთავაზობს ასეთი ღვინო კი უდავოდ დიდ მოწონებას იმსახურებს.

ახლა დროა თეთრ საღვინე აფხაზური ყურძნის ჯიშზე ვისაუბროთ, რომელსაც ვიცნობთ როგორც –  ავასირხვა.თავად  სიტყვის ეტიმოლოგიას მკვლევრები სხვადასხვანაირად გვთავაზობენ, თუმცა მათ მთავარი აერთიანებთ, ყველგან ნახსენებია მთა, რაც უკვე თავისთავად გვეუბნება, რომ ეს ჯიში თავისუფლად ხარობს მაღლობზე, ესე იგი აფხაზეთის მთიანეთში.

ალბათ არ ვიქნებით მიკერძოებულნი თუ ავასირხვას აფხაზურ ჯიშებს შორის დედოფლადაც მივიჩნევთ, რადგანაც მისგან ნაწარმოები ღვინო ხასიათდება მრავალფეროვანი გემოთი და მაღალი ხარისხით. ძველი კოლხური წესით დაწურული ავასირხვა ავტომატურად იძენდა ბუნებრივ სიცქრიალეს, რაც მის ღირსებას კიდევ უფრო ამაღლებდა. ნახევრად ტკბილი გემო და საჯიშე მკვეთრი არომატი არაჩვეულებრივ კომბინაციას და დახვეწილ გემოვნურ თვისებებს ავითარებს. ავასირხვას ჯიში გამოირჩევა  მჟავიანობითა და შაქრის  მაღალი შემცველობით. რაც განსაკუთრებით გამოარჩევს ავასირხვას სხვა ყურძნის ჯიშებისგან არის ის, რომ მას აქვს  ნაადრევად დაძველების უნარი და ორი წლის ღვინოც კი, ისეთ სურნელსა და არომატს იძენს, თითქოს მას მრავალი წელი სახელდახელოდ ინახავდნენ. გარეგნულად ავასირხვა ოქროსფერი და მოყვითალო ფერის არის, ბუნებრივი ცქრიალი კი მას მეტად მიმზიდველს ხდის. მთავარი კი, იმისათვის რომ ეს გემოვნური დიდებულება არ დაიკარგოს საჭიროა, როგორც ამ ყურძნის ჯიშზე ზრუნვა, ასევე ყველა იმ სახეობაზე, რომელიც დღეს არც თუ ისე პოპულარულია. ახლა სულ უფრო პოპულარული ხდება ძველი ჯიშებისა და დაწურვის ტექნოლოგიების გახსენება და ათვისება, ამ პროცესში კი მნიშვნელოვანია, რომ ყველა სახეობამ კვლავ დაიბრუნოს ადრე მინიჭებული სიცოცხლე. 

მთელი საქართველო მდიდარია ფართოდ გავრცელებული ყურძნის ჯიშებითა და მიკროზონებით, ჩვენ ჩამოთვლილ ჯიშებთან ერთად დგომას კი ყველა იმსახურებს. ახლა ოქტომბრის თვეა და მეღვინეებს ან რთველი აქვთ გაჩაღებული და ანაც უკვე დაწურული ღვინის დაგემოვნებას ელოდებიან. მთავარი ყველამ იცის, თუ ყურძენს დითირამბები არ უმღერა და არ ეგოგმანა, არც მისგან გამოწურული ღვინო არ აამღერებს.

#ესსაინტერესოა: ამჟამად საქართველოში 500-ზე მეტი ვაზის ჯიშია აღრიცხული, მათ შორის 58 აფხაზური. აფხაზეთის მთავარი ჯიშებია: აბააჟიჟი, აბისტაჟი, აბსუაჟი, აგოშკური, აგრიჟი, ადზნიჟი, ავახირცხვა, ათასარაკვა, ათურქუჟი, აკუბაჟგარა, აკუმშტალი, აკუშარი, აკუბასა, ალიკი, აკასაჟი, აკაბილი, აკაბილიჟი, შავი ამლახუ, ამლახუ, ამიხვნაჭვირი, ამაოზნიჟი, ამგურჩალი, აოსიჟი, აჟია, აჟიში, აჟიშგამა, აჟიკვა, აჟიკოლო, აჟიგრა, აჟიგრა, აჟხვატა, აჟიკვატა, აჟაფში, აჟემჩიღი, აპაპნიჟი, ახშვაბი, აფიუჟერი, აღბიჟი, აღიჟიში, აშუღაჟი, აჩკიკიჟი, აცხოუჟი, აცისიჟი, აციმლიჟი, აძიფარა, ახიუხიუჟი, აძნიჟი, ახარდანი, იაკუბი, კაჭიჭი, პაპნიჟი, პეტრიჟი, ტატლიჟი, ცვინდროხუა, ხუნამიჟი, ხუპინიჟი, ხუტუნიჟი, აჭანდარის საღვინე, ლაკოაჟი და სხვ.

 უკან დაბრუნება

მსგავსი სიახლეები

Item 1

22 ნოემბერი, 2024

დავით მორგოშიამ მინისტრის მრჩეველი და აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დ...

ვრცლად

Item 1

22 ნოემბერი, 2024

Interpressnews-ის მიერ გამოქვეყნებული სტატია ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ...

ვრცლად

Item 1

22 ნოემბერი, 2024

ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლევან მგალობლიშვილის აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკურ...

ვრცლად