1801 წელი მძიმე იყო ქართული სახელმწიფოებრიობისათვის. რუსეთმა, ქართლ-კახეთში მეფობა გააუქმა და იგი საკუთარ იმპერიას მიუერთა. ქართულ თავადაზნაურობას არ დაუყოვნებია მყისიერი რეაქცია, არც მაშინ და არც მომდევნო წლებში, მაშინ, როცა ქართული საზოგადოება ერთიანდებოდა და ცდილობდა ჩრდილოელი მტერი გაეძევებინა ქვეყნიდან.
ურთულესი წლები დაუდგა საქართველოს: რუსული პოლიტიკის გატარება, ქართული სოფლების მუდმივი ძარცვა, ქალებისათვის პატივის აყრა, ქართველი გლეხობის ფაქტობრივი დამონება სამხედრო გზების მშენებლობისას. აუარებელი გადასახადები და მრავალი სხვა, რასაც ქართული საზოგადოება მხოლოდ რეგრესისკენ და გადაგვარებისკენ შეეძლო წაეყვანა. თუმცა ეროვნული იდეის არსებობამ და რუსიფიკაციისადმი შეურიგებლობამ შესაძლებელი გახადა ის, რომ ქართველობამ ეროვნული იდენტობა შეინარჩუნა. ამას თავისი მიზეზები აქვს, რომლებიც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თუმცა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უნდა გავუსვათ ხაზი – ენას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი იყო იდენტობის შენარჩუნების გზაზე.
მოგვიანებით წარმოქმნილი ეროვნული მოძრაობა, იმ აჯანყებების იდეური გაგრძელება იყო რომლებიც 1800- იან წლებში ქართველებმა გაიარეს და ამ მოძრაობის ყოველი წევრი ცდილობდა გაეძლიერებინა და განემტკიცებინა ქართული იდეა. ამას ყველა სხვადასხვა გზებით ცდილობდა.
ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი, იაკობ გოგებაშვილი იყო, რომელმაც სწრაფად შეაშველა საქართველოს, ეროვნული საგანძური – „ დედა ენა“ სწორედ დედა ენის სწავლებამ, საერო სკოლების დაწყებით საფეხურზე გააგრძელა ეროვნული მოძრაობის იდეა და სკოლის აღსაზრდელები რუსიფიკაციისაგან დაიცვა.
სწორედ წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ შეძლო ისევ ამ იდეის გაგრძელება.
სწორედ გენიალურ ავტორთა პუბლიცისტურმა წერილებმა გააგრძელა ეროვნული იდეა, რომლებიც ყოველ ახალ წერილში ქართულ საზოგადოებას მიძინების საშუალებას არ აძლევდნენ.
ეს ქართულ დედა ენაზე ხდებოდა. დედა ენაზე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი იარაღი აღმოჩნდა ქართული სახელმწიფოს შენარჩუნების გზაზე. მიუხედავად ქართული ელიტის ქმედითი ღონისძიებებისა, რუსეთი ცდილობდა საერო სკოლებში ქართულთან ერთად რუსული ენა დაენერგა დაწყებით საფეხურებზე. ამისთვის კი, როგორც კირილე იანოვსკი აჟღერებს, ამგვარად უნდა მიეღწიათ:
„რუსული ენა არა რუსთათვის ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ ყმაწვილებმა, კურსის შესრულების შემდეგ, იცოდნენ არამც თუ მარტო წერა- კითხვა, არამედ გაგებაც ჰქონდეთ წაკითხულისა და წერითაც გამოთქმა შეიძლონ როგორც დედა-ენაზედ, ისეც შეძლებისამებრ (?), რუსულადაცაო… პირველ წლის მეორე ნახევრიდამვე ოსტატმა ყოველ დღე უნდა გადასდოსო 30 – 45 წამი, რომ ბავშები შეაჩვიოს რუსულს ენასა და იმისათვის, რომ ბავშებმა ცნობიერად შეითვისონ ცალკე სიტყვები, ფრაზები და მოკლე ამბები, უნდა ყოველივე იგინი ჯერ დედა-ენაზედ ათქმევინოს და მერე რუსულადაცაო. მეორე წელს კი, რაკი შეგირდები შეისწავლიან დედა-ენაზედ წერა-კითხვას, უნდა შეუდგნენ რუსულის წერა-კითხვის სწავლებასა, მესამე წელიწადს კი, რასაც დედა-ენის შემწეობით ასწავლიან ბავშებს, ყოველივე ის, შეძლებისამებრ (?), რუსულადაც უნდა ასწავლონო“
ილია ჭავჭავაძემ კი, ცნობილ პუბლიცისტურ წერილში – იანოვსკის პასუხად, სხვა მეცნიერთა არგუმენტების მოყვანის შემდეგ დასძინა:
,,ჩვენ მოგვყავს ეს აზრები მეცნიერებისა იმიტომ-კი არა, რომ გვეგონოს, ვითომც ბ-ნმა ყოველივე ეს ჩვენზედ უკეთ არ იცოდეს, არამედ იმიტომ, რომ ყველამ, დიდმა და პატარამ შეიტყოს და გაიგოს, რა ღონეა დედა-ენა სკოლისათვის საერთოდ და საეროსათვის საკუთრივ. ჩვენ რომ ეგრე დაჟინებით და უკან-დაუხეველად ვთხოულობთ დედა-ენისათვის სრულს და დაუბრკოლებელს გზას სასწავლებელში, — ეგ, მარტო დედა-ენის სიყვარულით არ მოგვდის. ვთხოულობთ და ვნატრობთ იმიტომაც, რომ უდედა-ენოდ გონების გახსნა ბავშისა ყოვლად შეუძლებელია. მაშინ სკოლა გონების გახსნის სახსარი-კი არ არის, გონების დაჩაგვრისაა, გონების დახშვისაა, დათრგუნვისაა, გათახსირებისაა, — და განა ეს სასურველია ვისთვისმე?”
ამავე წერილში ილია ჭავჭავაძე, საუბრობს, რომ დედა ენა აუცილებელი სახსარია, რომელიც სკოლაში უნდა ისწავლებოდეს, იმისთვის, რომ სკოლამ თავისი დანიშნულება შეასრულოს.
ქართველი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე – სერგო მესხი კი, იანოვსკის ასე პასუხობდა:
„თქვენი სურვილია, რომ ქართველებს ქართული დაავიწყოთ“
ჩვენ კი, ქართული არ დაგვავიწყდა და დღეს, დედა ენის დღეს აღვნიშნავთ. გილოცავთ!