აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
05 ივლისი, 2021
მააიკე ვან კოლდამი ქალის როლზე კონფლიქტის მოგვარების პროცესში
მნიშვნელოვანია ქალების ჩართულობა მდგრადი მშვიდობისთვის. სწორედ ამას ეფუძნება ICA-ს პროექტი Women fo peace.
წარმატებული ქალი და ქალის როლი მდგრადი მშვიდობის პროცესებში, სწორედ ამ საკითხებზე ვესაუბრეთ პროექტის ფარგლებში ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ქალბატონ მააიკე ვან კოლდამსს.
❞როდესაც ვსაუბრობთ კონფლიქტებზე, ნიდერლანდებისთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ქალების როლი მეტად იყოს გაზრდილი❝
გთავაზობთ სრულ ტექსტს ქართულ ენაზე:
რას ნიშნავს იყო წარმატებული ქალი?
მიხარია, რომ ეს კითხვა დამისვით, რადგან ნიდერლანდებისთვის ქალთა როლის გაძლიერება ძალზე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში და საქართველოში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ქალების გაძლიერება, რომლებიც წარმოადგენენ მოწყვლად ჯგუფს, მათ შორის კონფლიქტით დაზარალებული დევნილი ქალების. ასე რომ, მოხარული ვარ, რომ ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ ამ საკითხთან დაკავშირებით. წარმატების განსაკუთრებული ფორმულა არ გამაჩნია, მაგრამ ვფიქრობ ჩვენ ბევრი უნდა ვიმსჯელოთ ამაზე, რადგან ეს საკითხი ხშირად დაკავშირებულია მიკერძოებებთან, ცრურწმენებთან, სტერეოტიპებთან. სწორედ ეს არის, რისი შეცვლაც სურს ნიდერლანდებს, რომ ყველა ქალს ჰქონდეს თავდაჯერებულობა, რომ ქალი, როგორც პიროვნება ღირებულია და რომ მას შეუძლია გააკეთოს ის საქმე, რომელიც თავად სურს, რომ მას აქვს ხმის უფლება, რომ ის მოტივირებულია და შეუძლია ამ ყველაფრის გამოყენება, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე და ბიზნესში, რათა ქალებს შეეძლოთ ისაუბრონ პრობლემებზე, რომ მათ შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა და რომ არასდროს გახდნენ გენდერული ძალადობის მსხვერპლი. დაბოლოს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ კონფლიქტზე და კონფლიქტის მოგვარებაზე, ჩვენთვის მართლაც მნიშვნელოვანია, რომ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ქალების როლი მეტად იყოს გაზრდილი.
რას ნიშნავს იყო ძლიერი ქალი?
როგორია ძლიერი ქალი ლიდერი?! მოგეხსენებათ, ლიდერშიპს საერთო არაფერი აქვს სქესთან, ეს ეხება ინდივიდუალურ უნარ-ჩვევებს, შესაძლებლობებს, ნიჭს. მაგრამ იმისათვის, რომ ქალებმა დაიკავონ ლიდერული პოზიციები, ხშირად უფრო მეტი დაბრკოლების გადალახვა უწევთ, ვიდრე მათ მამაკაც კოლეგებს. და რადგან ეს გზა მათთვის ხშირად უფრო რთულია, შედეგად ვიღებთ ძლიერ ქალებს, და არა იმიტომ, რომ აქ სქესმა ითამაშა რამე განსაკუთრებული როლი, არამედ იმიტომ, რომ ქალები, როგორც პიროვნებები არიან ძლიერები. რასაც ხშირად ვხედავ არის ის, რომ ძლიერ ქალ ლიდერებს აქვთ მეტი თანაგრძნობა, მათ აქვთ შესაძლებლობა იფიქრონ საკუთარ თავს მიღმაც, მოუსმინონ სხვა ადამიანებს, იყვნენ ღია უკუკავშირისთვის და განსხვავებული მოსაზრებებისთვის, რაც რეალურად არის ძლიერი მოტივაცია გუნდისთვის და როდესაც გუნდში ყველა მოტივირებულია, უკეთეს შედეგებსაც ვიღებთ. თუმცა, არ მინდა სტერეოტიპებზე ვისაუბრო, რადგან არიან ძალიან ძლიერი ქალები და არიან ძლიერი მამაკაცებიც. მამაკაცებს შეიძლება ჰქონდეთ სოციალური უნარები, თუმცა მე ვფიქრობ, სწორედ ეს მიმართულება ქალებს საკმაოდ კარგად გამოსდით. მეორე მხრივ არის რაღაც, რასაც „დამკვიდრებული სტერეოტიპები“ ჰქვია, და როდესაც ქალი ძლიერია, მაგალითად პოლიტიკაში, მათ არ სურთ მათი სამოსი გახდეს განხილვის თემა, არამედ ქალებს სურთ და შეუძლიათ ყურადღება მიიქციონ საკუთარი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით. მაგრამ ზოგჯერ, როდესაც ქალები ყურადღებას საკუთარ უნარებზე აკეთებენ, საზოგადოებას ისინი ნაკლებად ქალური ეჩვენებათ ან ნაკლებად მოსაწონი. და ასე არ უნდა ხდებოდეს. საზოგადოება გახსნილი უნდა იყოს ინდივიდუალური ნიჭის მიმართ, რადგან ყველა ქალს აქვს ნიჭი და მე ნამდვილად დარწმუნებული ვარ ამაში.
ქალის როლი კონფლიქტის მოგვარების პროცესში
ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და რეალურად არსებობს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუცია 1325: „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“, ის 2000 წელს მიიღეს და ჩვენ ვცდილობთ ეს რეზოლუცია განვახორციელოთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ნიდერლანდების სამეფო მხარს უჭერს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებიც თანამშრომლობენ სამთავრობო სტრუქტურებთან, აძლიერებენ ქალთა როლს უსაფრთხოების სფეროებში, მშვიდობის მშენებლობასა და კონფლიქტების მოგვარებაში. და ეს მნიშვნელოვანია, რადგან ქალებს აქვთ ის უნარები, რომლებიც მე წეღან აღვწერე და ქალებს აქვთ მოლაპარაკებების უნარები. ქალებს ეს პირადი გამოცდილებებიდან აქვთ. სამწუხაროდ, ხშირად ეს ძალიან ცუდი გამოცდილებაა, როდესაც კონფლიქტით გამოწვეულ გენდერულ ძალადობასთან გვაქვს საქმე. ასე რომ, ქალებს უნდა ჰქონდეთ ხმის უფლება. ვინაიდან, ისინი ხშირად უფრო მგრძნობიარენი არიან მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ, სწორედ ამიტომ ქალებს შეუძლიათ მიიღონ გარკვეული გადაწყვეტილებები, გადადგან მნიშვნელოვანი ნაბიჯები და მოლაპარაკებებზე დასხდნენ გამყოფ ხაზს იქით მყოფ ქალებთან. და ეს არის კონფლიქტის მოგვარების ძალიან ძლიერი ინსტრუმენტი. და სწორედ ამიტომ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. თუ კარგად დააკვირდებით მშვიდობიან მოლაპარაკებებს მსოფლიოს მასშტაბით, ძალიან მცირეა ქალი მონაწილეების რაოდენობა. რაც შეეხება სამშვიდობო მისიებს, ქალების რაოდენობა 4-5% მხოლოდ. შესაძლოა უახლესი სტატისტიკაც იყოს, მაგრამ ეს ისაა, რა მონაცემებიც მე ამ წუთისთვის გამაჩნია და სწორედ ამაზე – გენდერულ ბალანსზე გვაქვს სერიოზულად სამუშაო. მაგრამ, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ აქ არის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამ მისიაში გვყავს ძალიან ნიჭიერი ჰოლანდიელი ქალები და მამაკაცები. რაც იმის მაგალითია, რომ სქესისგან დამოუკიდებლად, ადამიანებს შეუძლიათ ერთად მუშაობა, კომპრომისებზე წასვლა და საკუთარი ნიჭის მაქსიმალურად რეალიზება. მე საქართველოში ძალიან ბევრ ძლიერ ქალს შევხვდი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ პროექტის მონაწილე გავხდი, ვინაიდან გავეცანი იმ ქალების ვიდეოებს, რომლებსაც ამ პროექტის ფარგლებში ჩაწერეთ და ძალიან დიდი იმედი მაქვს მათთან შეხვედრის, რათა გავცვალოთ ცოდნა და ვისწავლოთ ერთმანეთისგან. ასე რომ, მე ნამდვილად მოხარული ვარ ამ ყველაფრით და იმ მიზნის, რომელიც თქვენ დაისახეთ დიდი გულშემატკივარი ვარ.
მსგავსი სიახლეები
21 ნოემბერი, 2024
ტელევიზიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკურ ცენტრში აფხაზეთის ა/რ...
21 ნოემბერი, 2024
თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში აფხაზი მხატვრების ნამუშევრები გამოიფინა
21 ნოემბერი, 2024
ლევან მგალობლიშვილი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა