
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი
სიახლეები
01 მაისი, 2025
ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვის შესახებ
"2025 წლის 30 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1527-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
გენერალური მდივნის 31-ე ანგარიში აღწერს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებას. ანგარიში მიიღება წელიწადში ორჯერ და ფარავს პერიოდს - 2024 წლის ოქტომბრიდან 2025 წლის მარტის ჩათვლით.
31-ე კონსოლიდირებული ანგარიში წარადგინა ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ. იგი მიესალმა კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პოლიტიკას საქართველოს მხრიდან და მტკიცედ დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო, მანდატის ფარგლებში, გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.
გენერალურმა მდივანმა დაგმო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება, ასევე საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები. გენერალურმა მდივანმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო ჰუმანიტარული მექანიზმების, მათ შორის ევროპის საბჭოს ინსტიტუტების, შესვლის შეზღუდვის გამო.
გენერალურმა მდივანმა გამოხატა მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის მიმართ და ისაუბრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე.
სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღების და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისათვის. მან სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა საანგარიშო პერიოდში ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მინისტრის მოადგილე ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობის დინამიკას. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. დასასრულს, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას"-ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
მსგავსი სიახლეები
01 მაისი, 2025
ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის ა/რ მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
30 აპრილი, 2025
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ვეტერანების საკითხი განიხილეს