27 ოქტომბერი, 2026
ბაკურიანში დევნილი და ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მედიალაბორატორია გაიმართა
ბაკურიანში დევნილი და ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის მედიალაბორატორია გაიმართა
ტრენინგის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის დირექტორი ეკა წივწივაძე.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა ქართულ-აფხაზური დიალოგის მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობასა და სამშვიდობო პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობაზე.
ეკა წივწივაძემ მონაწილეებისთვის აფხაზეთის კონფლიქტისა და სამშვიდობო ჟურნალისტიკის თემაზე ლექცია-ვორქშოპი გამართა. შეხვედრის მიზანი ახალგაზრდებში მედიაუნარების განვითარება და ციფრული კომუნიკაციის საშუალებით დიალოგისა და მშვიდობის მშენებლობის პროცესში მათი როლის გაძლიერება იყო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონფლიქტის თემაზე მუშაობისას ტერმინოლოგიის სწორად გამოყენებასა და საკითხის სენსიტიურობის გააზრებას გაშუქების პროცესში.
პროგრამის ფარგლებში გაიმართა პანელი - „სამშვიდობო ინიციატივები და დიალოგის როლი“, რომელზეც აფხაზეთის მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია და ომის ვეტერანები მონაწილეობდნენ.
თეორიულ სწავლებასთან ერთად, ახალგაზრდებმა პრაქტიკულ სესიებშიც მიიღეს მონაწილეობა. ისინი პოდკასტების ჩაწერის, ხმის დამუშავების, ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის ტექნიკებს გაეცნენ და მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენეს.
პროექტის შემაჯამებელი ფორუმი 25 ნოემბერს ზუგდიდში გაიმართება. ღონისძიებაზე მონაწილეები პროექტის ფარგლებში მომზადებულ ექვს პოდკასტსა და ათ მოკლე ვიდეორგოლს საჯაროდ წარადგენენ.
„ახალგაზრდული მედიალაბორატორია და ციფრული დიალოგი“ ამ სახელწოდებით დევნილი ახალგაზრდებისთვის სამდღიანი გასვლითი ტრენინგი ბაკურიანში, „ლოფტ ჰოტელ ბაკურიანში“ გაიმართა.
პროექტი აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.