სოხუმი აეროპორტის ამოქმედებისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ პროექტის დეტალურ დამუშავებას შეუდგა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება “სოხუმის აეროპორტის ამოქმედებისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ” მოსკოვთან ორმხრივი “სამთავრობოთაშორისი შეთანხმების” პროექტის დეტალურ დამუშავებას შეუდგა.

დე ფაქტო პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, საკითხი ამ დღეებში რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ გაფართოებულ სხდომაზე განიხილეს, რომელსაც “პრეზიდენტი” ასლან ბჟანია და “მინისტრებიც” ესწრებოდნენ.

სარატიფიკაციოდ მოსამზადებელი “შეთანხმების” პროექტში მხარეთა ვალდებლებები და უფლებებია განსაზღვრული. მასში აღნიშნულია, რომ “რუსული საინვესტიციო პროექტის რეალიზების მხარდაჭერა ხელს შეუწყობს აფხაზეთის ეკონომიკის განვითარებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას”.

აფხაზური “ხელისუფლება” მოსკოვის დახმარებით აეროპორტის ამოქმედებას 2024 წლისთვის გეგმავს. პროექტის ინვესტორი რუსული სამრეწველო ჯგუფი “Базовый элемент”-ია, რომელიც კრემლის ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას კუთვნილი კომპანიებისგან შედგება.

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისოდ არ სცნობს და 2006 წლიდან მას კოდი გაუუქმა, ვინაიდან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. აფხაზეთის ცა თბილისის ნებართვის გარეშე ვერ გაიხსნება, რადგან ეს შესაბამისი საერთაშორისო ნორმების დარღვევა იქნებოდა.

წყარო: https://accentnews.ge/ka/article/84395-soxumi-aeroportis-amokmedebisa-da-shemdgomi-eksplua?fbclid=IwAR0qFGbOCt_TEpaNaoFJ86nBCs_8l8ptHPdmYI10ko7p7VcrX3dlV7H34IM

Read more: სოხუმი აეროპორტის ამოქმედებისა და შემდგომი ექსპლუატაციის შესახებ პროექტის დეტალურ დამუშავებას შეუდგა