აფხაზეთის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, მეოთხე წელია „ევროპული არდადაგების“ პროგრამას წარმატებით ახორციელებს. წელს პროგრამამ მასშტაბური სახე მიიღო და რაჭაში 5 დღის განმავლობაში მიმდინარობდა. საბანაკე პროგრამა მრავალფეროვანი იყო, რომელიც სპორტულ ოლიმპიადებს, კულტურულ შემოქმედებით ღონისძიებებს, საგანმანათლებლო ტრენინგებს და სპორტისა და ხელოვნების სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებთან შეხვედრებს გულისხმობდა. წელს პროექტში 100 მდე დევნილმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. სამიზნე ჯგუფი 14 -დან 18 წლამდე აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები, ასევე აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რომლებსაც სწავლის მაღალი მოსწრება აქვთ. პროექტი „ევროპული არდადაგები“ ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. საინფორმაციო ცენტრის მთავარი მიზანი ახალგაზრდების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლებაა, ასევე აღნიშნულ პროცესებში მათ ჩართულობა. სალექციო სემინარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მედიაწიგნიერების მნიშვნელობა და დეზინფორმაციასთან გამკლავების მეთოდები იყო. ლექციას სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები კითხულობდნენ. აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ნაწილი წელს პირველად ჩაერთო „ევროპული არდადაგების“ პროგრამაში. თითოეული მათგანი შემეცნებით-გასართობ პროექტებში მონაწილეობით კმაყოფილია და მომავალშიც გეგმავენ ჩართულობას.