აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მოქმედი პროგრამის ფარგლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილ პირებს ზუგდიდსა და ჩხოროწყუში მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ.
ბენეფიციარებს 10-ზე მეტი სხვადასხვა პროფილის, მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტის კონსულტაცია და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები უფასოდ ჩაუტარდათ, ასევე ექიმის დანიშნულების შესაბამისად საჭირო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ.
სამინისტროს ორგანიზებით, ღონისძიებაში მონაწილეობა თბილისის წამყვანი კლინიკების მაღალკვალიფიციურმა სპეციალისტებმა მიიღეს.
მომსახურება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან დევნილმა 400-მდე პირმა მიიღო.
ღონისძიებების მიმდინარეობას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლევან ჩაკვეტაძე და სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.