„მე ვარ მერაბი შარვაშიძე აფხაზი კახეთიდან“, – ასე იწყებს საუბარს აფხაზეთის მთავრების შარვაშიძეთა საგვარეულოს კახეთში დამკვიდრებული შტოს წარმომადგენელი. ისტორია ბუნდოვანია თუ როგორ მოხვდა აფხაზეთის მთავრების ნაწილი კახეთში, თუმცა როგორც სხვადასხვა ოფიციალური დოკუმენტებით ხდება ცნობილი, საუკუნეების განმავლობაში ისინი თანაბრად იზიარებდნენ გარეშე და შინაური მტრების მიერ მიყენებულ ტკივილსა თუ საერთო გამარჯვებით გამოწვეულ სიხარულს. აქვე ავღნიშნავთ, რომ აფხაზეთის მთავრები ფრიად დაფასებული იყვნენ ქართლ-კახეთის მეფეთა კარზე, რასაც ადასტურებს მერაბ შარვაშიძის ოჯახის მიერ ეროვნულ არქივში მოძიებული ერეკლე მეორეს უსტარი, რომელსაც ქართლ-კახეთის მეფე ამ ოჯახის წინაპარს, ელიზბარ შარვაშიძეს, მისი ერთგულების დასტურად უძღვნის.
მერაბ შარვაშიძე აღნიშნავს, და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ, აფხაზებს კახეთში არასოდეს დაუკარგავთ საკუთარი იდენტობა და რომ პირველ რიგში ისინი არიან აფხაზები, თუმცა არაერთი კახური თვისება შეიძინეს, მაგალითად, ამ კუთხისათვის დამახასიათებელი განსაკუთრებული სიყვარული მევენახეობისადმი.
აფხაზებსა და ქართველებს ერთობლივი ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვთ და ამის არაერთი მაგალითია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმატებულად დაფუძნებული აფახაზური თუ ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახები.
წარმატების ისტორიები და თანაცხოვრების გამოცდილება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ენგურს იქით მცხოვრები მოსახლეობის წარმოდგენებში შეამცირებს სტერეოტიპებს ქართველების შესახებ და ხელს შეუწყობს ნდობის მშენებლობას.
