გენო ადამიას დაღუპვიდან 30 წელი გავიდა (+VIDEO)

აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა და ა/რ მთავრობის წარმომადგენლებმა გენო ადამიას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს ეროვნული გმირის ხსოვნას. გენერალი გენო ადამია 1993 წლის 28 სექტემბერს კელასურის ხიდზე დაიღუპა, სოხუმის დაცემიდან მეორე დღეს. გენო ადამია იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-ე მექანიზებული ბრიგადის მეთაური. ბრიგადა, რომელიც 5 ათას მოხალისეს აერთიანებდა, მან საკუთარი ძალებით ჩამოაყალიბა. გენო სენაკში იყო დაბადებული და აფხაზეთში მოგვიანებით გადმოვიდა. სამხედრო პირი არ იყო, ქიმიურ ქარხანაში მუშაობდა. მშვიდობიანობისას მისი გატაცება ახალგაზრდა სპორტსმენების მხარდაჭერა იყო, მათ ხშირად ფინანსურადაც ეხმარებოდა ხოლმე. იარაღი 1992 წელს აიღო, როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო. იბრძოდა მისი ორივე შვილიც. აფხაზეთი გაყიდულია, მაგრამ სანამ სული მიდგას ვიომებ, თუ ადამიანს უწერია სიკვდილი მამულისათვის ეს ბედნიერებაა… თქვა ეროვნულმა გმირმა და თავისი სიტყვისთვის არ უღალატია. გმირების მარადისობა ქვეყნის წარსულში, აწმყოსა და მომავალშია.