აფხაზეთში, სოხუმის შემოგარენში მოედინება მდინარე ბესლეთი. იქვეა მისი მოსახელე სოფელიც. მდინარეს მასზე გადებული უძველესი ხიდის წყალობით გაეთქვა სახელი. ბესლეთის ხიდი იმთავითვე იქცევდა ისტორიკოსთა და დამთვალიერებელთა ყურადღებას, იქაურები კი თამარის ხიდად მოიხსენიებდნენ.
ერთმალიანი თაღოვანი ხიდი, რომლის სიგრძე 35, სიგანე კი _ 8 მეტრია, აგებულია კირქვის ფილებით, მოპირკეთებულია ქვის თლილი ბლოკებით. ხიდი შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ნიმუშს წარმოადგენს, რომლის აგების თარიღზეც მკვლევარებს შორის დღემდე სხვადასხვა ვერსიებია.
დავა ხიდის წარწერის შესახებ ბოლო ათწლეულებში დაიწყო. ქართველი მეცნიერებისთვის გაუგებარია აფხაზი კოლეგების მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები. როგორც დრომ გვიჩვენა, ხუროთმოძღვარს კარგად ჰქონდა შესწავლილი მდინარე ბესლეთის ხასიათი. ამავდროულად ძველი ხიდი თანამედროვე ხიდთმშენებლობის კანონებსაც სრულიად აკმაყოფილებს და როგორც ამბობენ, რვა ტონიანი მანქანების სიმძიმის ატანაც შეუძლია. ასეთი მძლავრი და ტექნიკურად მაღალხარისხოვანი ხიდი დიდ სავაჭრო და პოლიტიკური მნიშვნელობის გზაზე უნდა მდგარიყო. ვინაიდან ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება გაძნელებულია. სოციალური ქსელებში ადგილობრივი მომხმარებლები გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ ხიდი საჭიროებს გამაგრებას და მცენარეული საფარისგან გაწმენდას. როგორც ჩანს, დრომ და გარემოებებმა ისევ გადაფარეს ქართული წარწერა – მტკიცებულება ჩვენი საერთო ისტორიისა.