საკონკურსო პროგრამებს – „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ,,პროგრამებისა და სერვისების სააგენტო” ახორციელებს და მისი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი პირების ეკონომიკური და სამეწარმეო, მათ შორის აგრარული მიმართულებით, საქმიანობის წამოწყების ან განვითარება-გაძლიერების ხელშეწყობა. წელს პროგრამამ სტარტი სამეგრელო ზემო -სვანეთის რეგიონიდან დაიწყო და თბილისში გაგრძელდა.
მთელი საქართველოს მაშტაბით აფხაზეთიდან დევნილი 43 აპლიკანტი გამოვლინდა, რომლებსაც სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერების და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, საჭირო ინვენტარი და ტექნიკა-დანადგარები გადასცეს. გამარჯვებული ბენეფიციარების დაჯილდოების ცერემონიალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეც ესწრებოდა.
პროექტის სამიზნე ჯგუფი აფხაზეთიდან დევნილი და ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები არიან. კონკურსი ყოველწლიურად მარტის თვეში ცხადდება და ბენეფიციარებს ერთი თვის და 10 დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა განაცხადის შემოტანის, რომელსაც შემდგომ სპეციალურად შექმნილი კომისია განიხილავს.
მთავარი კრიტერიუმი განაცხადში მოთხოვნილი აქტივების გამოყენების სწორად დასაბუთებაა. ბენეფიციარსა და სამინისტროს შორის ფორმდება ხელშეკრულება, ასევე მიღება- ჩაბარების აქტი, სადაც დაფიქსირებულია, მიღებულ აქტივებზე მონიტორინგის ჩატარება წელიწადში ორჯერ, ის თუ რამდენად მიზნობრივად იყენებს ბენეფიციარი მიღებულ აქტივებს.
პროგრამაზე მოთხოვნა ყოველ წლიურად იზრდება. საკონკურსო პროგრამები – „დასაქმების ხელშეწყობა“ და „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ 2024 წელსაც გაგრძელდება და განაცხადების მიღება 2024 წლის მარტიდან დაიწყება.