აფხაზეთის ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა (+VIDEO)

აფხაზეთში 1993 წლის 27 სექტემბერს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ,  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. შეიარაღებულ დაპირისპირებას 30 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

დღესვე, ასევე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა საქართველოს ეროვნული გმირების ჟიული შარტავას, გენო ადამიას, გურამ გაბესკირიას,  და მამია ალასანიას საფლავები გვირგვინებით შეამკეს.

27 სექტემბერთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ ჯვართამაღლების დღესთან დაკავშირებით წირვა-ლოცვა აღავლინა და აფხაზეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ სამების ტაძარში შეკრებილ საზოგადოებას ჯვართამაღლების დღესასწაული მიულოცა და 30 წლის წინ განვითარებულ ტრაგიკულ მოვლენებზე ისაუბრა.

ტაძარში აფხაზეთის მთავრობის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.