აფხაზეთის დოლმენები და ამჟამინდელი მდგომარეობა (+VIDEO)

აფხაზეთის დოლმენები – უძველესი მეგალითური სამარხი ნაგებობებია, რომლებიც  საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. მათი მშენებლობა, სავარაუდოდ,  ძველი წელთა აღრიცხვის III ათასწლეულის II ნახევარშია დაწყებული. სიტყვა დოლმენი ბრეტონული წარმოშობისაა და ქვის მაგიდას ნიშნავს. დოლმენები თითქმის მთელ მსოფლიოში გვხვდება. ჩატარებული კვლევებისა და ჰიპოთეზების სიმრავლის მიუხედავად, მათი გამოცანა გაუხსნელი რჩება. მრავალი თეორია, როგორც სამეცნიერო, ასევე ალტერნატიული, ხშირად ეწინააღმდეგება ერთმანეთს და არ ამჟღავნებს ამ ძველი გიგანტების იდუმალ წარმოშობას.  

  აფხაზეთის დოლმენები საგვარეულო სამარხები უნდა ყოფილიყო. თუმცა, დაკრძალვის წესის ზუსტად დადგენა ვერ ხერხდება.   მათში აღმოჩენილია ბრინჯაოს ცულები, კავები, შუბისა და სატევრის მინიატურული მოდელები,  საკინძები, თიხის ჭურჭელი და სხვა.  არქეოლოგიურად ყველაზე უკეთ შესწავლილი სოფელ ეშერაში აღმოჩენილი დოლმენებია.  მათგან ერთერთი   გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმშია ექსპონირებული.  შუა ბრინჯაოს პერიოდიდან დოლმენური კულტურა  კარგავს თავის აქტუალურობას   და მას თანდათანობით ცვლის კრომლეხი, დაკრძალვის ანალოგიური წესით.  როგორც მეცნიერები ამბობენ, დოლმენების შესწავლა აფხაზეთში უკვე აღარ მიმდინარეობს და  დიდი ნაწილი  სრულიად მოუვლელია, რის გამოც არსებობს მათი განადგურების საფრთხე.  დრომ კი დანდობა არ იცის. იგი თავის დაღს ასვამს და ცვლის ძეგლების იერ-სახეს.  აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის განადგურების შეჩერება  ზოგადსაკაცობრიო ვალდებულებაა. რამეთუ დოლმენებიც, კრომლეხებიც და  იქ მდებარე  სხვა ძეგლებიც არა მხოლოდ ჩვენი საერთო, ასევე მსოფლიო  ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია.