ბოლო დროს, საქართველოს მიმართ არაერთი განცხადება გაკეთდა და ეს განცხადებები საკმაოდ მძიმეწონიანი ამერიკელების მიერ კეთდება. თითქოს ერთი პერიოდი, დასავლეთისა და ამერიკისთვის ისევ შეუმჩნეველ პატარა ქვეყნად ქცეული საქართველო, მთიანი ყარაბაღის შემდგომ, ისევ აქტუალური გახდა. არის თუ არა ეს იმის ნიშანი, რომ საქართველოს ამ კონფლიქტში დიდი როლი აქვს, თუ მოასწავებს ეს იმას, რომ საქართველო ისევ შეიძლება იქცეს ერთ-ერთ ცხელ წერტილად სამხრეთ კავკასიაში? როგორც ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი სარდალი ბენ ჰოჯესი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უნდა დაანახოს პოტენციურ მოწინააღმდეგეს ამ რეგიონით მისი დაინტერესება, ის რომ მასში რესურსებს დებს და მის სტრატეგიულ ინტერესებს იცავს. „ჩვენ ისეთ ეპოქაში ვართ, სადაც დიდი ძალაუფლებების შეჯიბრია, მე მჯერა ეს კონკურენცია თავიდან აგვაცილებს დიდ კონფლიქტებს,“ – აღნიშნავს ბენ ჰოჯესი Obsorver-ზე განთავსებულ სტატიაში.
მისივე განმარტებით, მარცხმა შავი ზღვის რეგიონში მათ შორის, სამხრეთ კავკასიაში, გამოიწვია სისხლიანი კონფლიქტის განახლება, კერძოდ კი მთიან ყარაბაღში, რასაც კვლავ ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
„ჩვენ შანსი ხელიდან გავუშვით და კრემლს დავუთმეთ ინიციატივა, ამიტომ დღეს გვერდიდან ვაკვირდებით შედეგებს,“ – აშშ-ის ყოფილი სარდალი რეგიონში დასავლეთის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობს.
მთიანი ყარაბაღის გარშემო ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ბენ ჰოჯესი აუცილებლად მიიჩნევს, ნატოს ყოფნის გაძლიერებას საქართველოში და აცხადებს, რომ საქართველოს უნდა გაეგზავნოს ნატოში დაუყონებლივ გაწევრიანების მოწვევა.
„მოდით, დავამყაროთ ახალი, მყარი ურთიერთობები სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის ალიანსი თურქეთთან და გავამყაროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, მათ შორის ინფრასტრუქტურით აშშ-ის სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისთვის. ჩვენ, ასევე საქართველოში უნდა გავაგზავნოთ მოწვევა, რომ დაუყონებლივ გაწევრიანდეს ნატოში“, – აღნიშნავს ბენ ჰოჯესი.
მისი თქმით, კონკრეტული ზომები სამხრეთ კავკასიაში კრემლისთვის იქნება ნიშანი, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ანალიტიკოსი ლევან გერაძე ICA-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ყარაბაღში განვითარებული მოვლენების შემდეგ საქართველოს მიმართ ყურადღება, ბუნებრივია, გაიზრდება.
მისი თქმით, აშშ-ის ზოგიერთი პოლიტიკოსი და სამხედრო პირი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას გულმხურვალედ უჭერს მხარს, ამ ძალების მცდელობა შემდგომში კიდევ უფრო გააქტიურდება, მხარდაჭერა გაიზრდება, თუმცა, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი: პირველი ის, რომ მხოლოდ ეს ძალები არ იღებენ გადაწყვეტილებებს; მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი – რა პროცესები წარიმართება თვითონ საქართველოში. „საქართველოს სახელმწიფოს აქტიური პოზიცია განმსაზღვრელი შეიძლება გახდეს მაშინ, როდესაც ამ საკითხზე სერიოზული დაპირისპირებაა პარტნიორ ქვეყნებში,“ – აღნიშნავს ლევან გერაძე.