აფხაზეთის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრი სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დახვრეტილი ჟურნალისტის, აფხაზეთის ქართული ტელევიზიის პირველი დირექტორის ალექსანდრე (საშა) ბერულავას სახელობის პრემიას აწესებს. სიახლე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა წივწივაძემ და დახვრეტილი ჟურნალისტის დამ ინა ბერულავამ გააჟღერეს. ალექსანდრე ბერულავას სახელობის პრემია ოთხ კატეგორიაში გაიცემა. სპეციალური კომისია რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ჟურნალისტებით და მედია მენეჯერებით შეარჩევს აფხაზეთის თემაზე მომზადებულ საუკეთესო სიუჟეტსა და სტატიას, პრემია გაიცემა მშვიდობის თემაზე მომზადებული ნაშრომისთვის, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას. ასევე დაჯილდოვდება აფხაზეთიდან დევნილი ერთი ჟურნალისტი. პრემიის მოსაპოვებლად ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა უნდა შეავსონ სპეციალური განაცხადი და გამოაგზავნონ მიმდინარე წლის 5 დეკემბრამდე ცენტრის ელექტრონულ მისამართზე. კონკურსში მიიღება ნამუშევრები, რომელიც ეთერში გავიდა ან დაიბეჭდა 2023 წლის 1 იანვრიდან 2023წლის 1 დეკემბრის პერიოდში. კონკურსის მიზანია ხელს შეუწყოს აფხაზეთის კონფლიქტის, შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესისადმი ინფორმირებულობის დონის გაზრდას საზოგადოებაში.